კახეთს დასავლეთიდან ესაზღვრება ქართლი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი დაღესტნიდან ჰყოფს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4°C, ხოლო ზაფხულში +23 — +25°C-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნოები, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა — 4493 მ.
კახეთი დღეს მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდება გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრისა და ალაზნის ქვემო წელს შორის), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).
სახელწოდება „კახეთი“ პირველად ძველ ქართულ საისტორიო წყაროში — „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში გვხვდება. ლეონტი მროველის თხზულებაში მოტანილი ლეგენდის თანახმად, ქართველთა წინაპარს ქართლოსს ხუთი შვილი — მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი და გაჩიოსი ჰყოლია. მამის გარდაცვალების შემდეგ შვილებს მისი სამფლობელო დაუნაწილებელიათ. კახოსს რგებია მიწა-წყალი „კავკასიასა და კახეთის მთას შორის, არაგვიდგან ვიდრე ტყე-ტბამდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა“. ისტორიული კახეთი თავისი არსებობის მანძილზე დღევანდელისაგან განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავდა. საკუთრივ კახეთის გარდა, მის შემადგენლობაში შედიოდა: კუხეთი, სამხრეთით — მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გარდაბნის ქვეყანა; ჩრდილოეთით ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, დურძუკეთი და ღლიღვეთი, ანუ კავკასიის მთიანეთი, რომელსაც ქართული წყაროებით „მთიულეთი კახეთისა“ ეწოდებოდა.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen